ანი მიროტაძე პარტია “ლელოს” ტოვებს. მისი თქმით, ამის მიზეზი გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის 20 ივნისის ამნისტიაზე პარტიისგან განსხვავებული შეხედულებაა.
“რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, თუმცა ვრჩებით მეგობრებად, რასაკვირველია. იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ხედვებში, მე მქონდა პოზიცია, რომელიც არ ემთხვეოდა პარტიის პოზიცია, შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე ლელო.
ერთი მიზეზი იყო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩემთვის წითელი ხაზია და ამ მასშტაბის დანაშაული ცოტა უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს ოპოზიციის მხრიდან. ჩემი პოზიცია ცნობილი იყო, მქონდა ჩემი არგუმენტები, პირველ რიგში, ეს არის ადამიანური, მოქალაქეობრივი, ასევე, როგორც პოლიტიკოსის. მყარად მჯერა ახლაც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით, თუნდაც ამ მასშტაბის შეთანხმებაში ამნისტია და ამ მძიმე დღეების გადაფურცვლა იქნებოდა შეუძლებელი. ამნისტიაში 20 ივნისის ჩატევა, ჩემთვის მიუღებელია”,– ამბობს მიროტაძე ფორმულას გადაცემა “კომენტარში”.
მისივე განცხადებით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და მასში უფრო აქტიურად ჩაერთვება. მიროტაძე აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში გახდება ცნობილი, რა პლატფორმიდან გააგრძელებს პოლიტიკაში ყოფნას.