“ამოიღეთ პროპაგანდისტული წიგნი პროგრამიდან” – “დროა” განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს

6 დეკემბერს, 15:00 საათზე “დროა” განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს. მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ ამოიღონ 2020 წელს დამტკიცებული მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან.

“მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი ტექსტის შეტანა ნიშნავს, რომ საქართველოში, ტოტალიტარული რეჟიმების მსგავსად, დაიწყო სახელმძღვანელოებში მოქმედ ხელისუფლებაზე წერა და მათთვის ხოტბის შესხმა.

“დაუშვებელია სკოლის და მოსწავლეების იდეოლოგიური მიზნებით გამოყენება, მათთვის უახლესი ისტორიის იმგვარი ინტერპრეტაციით მიწოდება, რაც გავლენას იქონიებს მათ პოლიტიკურ ხედვებზე და ხელს შეუშლის მათში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. აქციები სამინისტროს ამგვარი ინიციატივების გასაპროტესტებლად, იქნება რეგულარული”,- აცხადებს პარტია.

მათივე თქმით,  იმავე სახელმძღვანელოში გადააზრებული და ინტერპრეტირებულია საქართველოს უახლესი წარსულის ისეთი მოვლენები, როგორებიც იყო ვარდების რევოლუცია და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.

“მოვლენებს აქვთ უფრო უარყოფითი შეფასება, ვიდრე ეს იყო წინა სახელმძღვანელოებში, უფრო „დაბალანსებული“ და „ობიექტური“ წარმოდგენის საბაბით. ასევე, დართულია პოლიტიკური მოღვაწეების ბიოგრაფიული ცნობები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დეტალური ბიოგრაფია, სადაც ის წარმოდგენილია, როგორც ცნობილი მეცენატი, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი.

ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა იყოს ფაქტები, მოვლენები და არა მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებები. არ შეიძლება ისტორიის სასწავლო წიგნებში მოქმედი ხელისუფლებების საქმიანობის შეტანა”,- წერია აქციის აღწერაში.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს უახლოესი ისტორიის მოვლენების შესახებ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში წერია. გამომცემლობა “დიოგენეს” წიგნი უკვე გრიფირებულია.