ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56,11%-ია, რაც რაოდენობრივად 1 970 540 ამომრჩეველია. წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, ანუ 2016 წელს, იმავე დროს აქტივობა 51,63% იყო, რაც რაოდენობრივად 1 814 276 ამომრჩეველია.
“საღამოს რვა საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩეველს, კანონმდებლობის მიხედვით, მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა და გამოეხატათ საკუთარი კონსტიტუციური ნება.
რაც შეეხება სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის შექმნილ 127 სპეციალურ უბანს, 311-ვე გადასატანი ყუთი 21 საათისთვის დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე”, – განაცხადა მან.
ცესკოს პრესსპიკერის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს -(63,8%), ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლშია – (51%).