“რაც შეეხება არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას, თქვენ იცით, რომ გასული წლების განმავლობაში კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველად ისტორიაში, არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. ამომრჩევლების 91% ხმას ელექტრონული აპარატების საშუალებით მისცემს საარჩევნო უბნებზე და რეგისტრაციასაც გაივლიან ელექტრონულად, რაც ბუნებრივია, სერიოზულ პროგრესს გამოიწვევს არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით. მოიხსნება ძალიან ბევრი პრობლემა, როგორიცაა დაუბალანსებელი უბნები და ა.შ. ეს არის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც უკვე კანონის დონეზე ასახულია და ახლა მთავარია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პრაქტიკაში სათანადოდ უზრუნველყოს არჩევნების სათანადოდ ჩატარება.
ასევე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო მისიების დაკვირვება. უახლოეს დღეებში გაიგზავნება წერილი ეუთო/ოდირში საქართველოს მთავრობიდან, რომლითაც მოვიწვევთ ჩვენ გრძელვადიან მისიას. ჩვენი მხრიდან ყველანაირი პირობა იქნება უზრუნველყოფილი, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადო გარემოში, რაც დაგეთანხმებით, რომ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომელიც, უნდა გადაიდგას კონსენსუსის მიღწევის გზაზე”,
ამის შესახებ, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.