26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანს გახსნის. აღნიშნული საკითხი ცესკოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, რომელიც ოპოზიციურმა წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის, საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებში, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე, მაგალითად არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა და ასე შემდეგ.
კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის, სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ ითვალისწინებს. მათ შორის, არც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში გამოგზავნილი წერილის საფუძველზე საარჩევნო უბნის გახსნას. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება”. – თქვა ცესკოს პრესსპიკერმა.