ამომრჩევლის გულის მოგებისთვის კეთდება, ნაცადი ხერხია – ISFED ჯარიმების გაუქმებაზე

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ეხმიანება კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს ამომრჩეველთა გულის მოგებისთვის კეთდება.

„ამომრჩეველთა გულის მოგებისთვის კეთდება, ნაცადი ხერხია. ეს ჯარიმები, ჩვენი მოსახლეობისთვის ისედაც დიდ ტვირთს წარმოადგენს, ეკონომიკური სიდუხჭირე მხოლოდ ახლა არ არის, რაც პანდემია დაიწყო მაშინაც იყო. შესაბამისად, ახლა ამის დაანონსება, ცხადია, საარჩევნო ელფერს იძენს. ეს ახლა დაინიცირდა, კიდევ დრო დასჭირდება პარლამენტში და ზუსტად წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. ეს ამომრჩევლის გულის მოგებისთვის კეთდება და არასწორ და არათანაბარ პირობებში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც უკვე გადაიხადა.

ჩვენ ცხადია, არ ვართ წინააღმდეგი ადამიანური ეკონომიკური სიდუხჭირის შემსუბუქების, უბრალოდ ამას წინასაარჩევნო პერიოდში აკეთებ, ცხადია აქვს იმის ელფერი, რომ ამომრჩეველთა გულის მოგებისთვის კეთდება. ეს ნაცადი ხერხია, პირველად არ ხდება, წინა არჩევნებზეც ვნახეთ“, – განაცხადა დოლიძემ IPN-თან საუბრისას.

პრემიერიმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს გაუუქმდებათ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვის გამო გამოწერილი ჯარიმები. ასევე გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობებისგან.