შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში 23 მარტს 2006 წელს დაბადებულმა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. გამოძიება თვითმკვლელობამე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რომელშიც სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთვნენ.
“ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, კერძოდ შემთხვევის ადგილიდან მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვანის კუთვნილი ჩანთა.
ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა”,– აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, მომხდარის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.