ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი შსს-მ 2 დღეში 39 პირი დააკავა

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 39 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დანაშაულთან ბრძოლას, შესაბამისი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების გზით. სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული ეფექტიანი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგია.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ხასიათის საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.” – განაცხადა უწყების ბრიფინგზე დარახველიძემ.