“ამოღებულია ყველა სათვალთვალო კამერა”- თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თბილისის პროკურატურაში სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერების შესწავლა მიმდინარეობს, რათა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი შეისწავლონ.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვა და უკვე ამ რეჟიმში ვართ. ახლა ვუყურებთ და ვადგენთ თამარის გადაადგილების მარშრუტს, მასალა არის ძალიან ვრცელი და ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება მის შესასწავლად. ამავდროულად მოსულია შუალედური ექსპერტიზის შედეგები. ახლა ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობს ყველაფერი, ძალიან მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი, ყველა ჩვენს მოთხოვნას მაქსიმალურად ასრულებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ გადამოწმდება. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება სატელიტურ სურათებზე, რამდენიმე დღეში იქნება პასუხი, თუ რომელი უცხოური კომპანია მოგვაწვდის ამ სურათებს. შუალედურ დასკვნაში არის მითითებული ის პრეპარატები, რაც იყო ჩანთაში. იქ ძალიან ბევრი პრეპარატია და „გუგლში“ რაც იყო მითითებული, ბევრი რაღაც არის გასარკვევი“, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.