აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქართველი ინფექციონისტები გააკრიტიკა, სახელმწიფო რეპრესიის აპარატი ამუშავდა და მის აკადემიურ სტატუსზე სიბინძურის გავრცელება დაიწყო.
მისი თქმით, ამაში მონაწილეობენ როგორც ტელევიზიები, ისე ტროლები.
,,ამუშავდა სახელმწიფო რეპრესიის მთელი აპარატი. დაიწყო სიბინძურის გავრცელება ჩემი აკადემიური და კლინიკური სტატუსის შესახებ, გადასწვდნენ ჩემს გენეალოგიას ხუთი თაობის წინ, აპელირებას აკეთებენ სამედიცინო ეთიკის დარღვევაზე. პირადი ფოსტა გაივსო მუქარისა და ლანძღვის შემცველი წერილებით. თუკი რაიმე სიბილწის მოფიქრება შეიძლებოდა, ყველა არხი ამუშავებულია. ამაში ტროლებთან ერთად მონაწილეობენ მოხალისეებიც. მოთხოვნა ერთია: შევიდე სასწრაფოდ “ბუტკაში”. ალბათ კიდევ ბევრ “საოცრებას” ვიხილავ ამ დღეებში. როგორც ჩანს, სამაგალითოდ უნდა დავისაჯო, რათა ვერავინ გაბედოს სიმართლის საჯაროდ ლაპარაკი. არ მეგონა თუ ისევ ვნახავდი სსრკ-ს რეინკარნაციას საქართველოში, მაგრამ… “,- წერს გურული.
მისივე თქმით, გაქრობა მარტივი იქნებოდა, მაგრამ უნდა, ახალგაზრდებმა ნახონ, როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.
,,მე არ ველი მხარდაჭერას არავისგან, გარდა უახლოესი მეგობრებისა. ძალიან ადვილი იქნებოდა ფეისბუქის გამორთვა და გაუჩინარება, მაგრამ მინდა ახალგაზრდა კოლეგებმა “ლაივში” უცქირონ ამ პროცესს და გაიაზრონ რაც ხდება. ნახონ როგორ მოქმედებს სახელმწიფო რეპრესიის აპარატი, რომელიც წახალისებულია საზოგადოების მნიშვნელოვანი სპექტრის შეკვეთით.
მათ უნდა იცოდნენ, თუ რა ფსიქოლოგია აქვს ბრბოს, რომელიც უმწეო ქალს ქოლავს ქვებით რელიგიური ეთიკის დარღვევის გამო და როგორ ხდება ამ ფსიქოლოგიის რაფინირება შედარებით უფრო განვითარებულ საზოგადოებაში. 90-იანებში უკვე ვნახე ეს. არ მეგონა თუ ოდესმე საკუთარ თავზეც განვიცდიდი. არა უშავს, ეს “ლაივ” გაკვეთილი ძალიან ბევრს აუხელს თვალს”,- წერს ქართველი ექიმი.
ცნობისთვის, ზურაბ გურულმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსუბუქ პაციენტებს საქართველოში პლაქვენილით მკურნალობენ. თენგიზ ცერცვაძემ ის ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულმა, გურულმა კი უპასუხა, რომ მის ადგილას შერცხვებოდა. ამ კრიტიკას გურულის მიმართ ქართველი ექიმების და პოლიტკოსების აგრესია მოჰყვა.