“პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში.
თქვენ იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც არ ცნობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში და არსად არავის კითხვები არ უჩნდება. ეს არის ნათელი დადასტურება, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და საფუძველმოკლებული. მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში.
ამავე დროს, მე უნდა ვუთხრა ყველას, რომ არანაირი რევანში არ იქნება, იმიტომ რომ უნდა დავასრულოთ ამ წრეზე სიარული. მაგრამ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ თანხას, ის აუნაზღუარებს თითოეულ ქართველს ზარალს, რომელიც მიაყენა.
უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ყველა კონკრეტულ გადაადგილებას, თარიღს, მარშრუტს, სატრანსპორტო საშუალებას, რაც მე შემეხება, მე ჩაგაყენებთ საქმის კურსში. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად, ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამადვილად არ აქვს ალტერნატივა. გამარჯვების დრო დგება ქართველი ერისთვის!”
განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.