ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი! – მარკეტა გრეგოროვა

“ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არჩევნები განსაკუთრებით, რადგან მის შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი” – აცხადებს ამის შესახებ,  ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “მთავარ არხთან”.

”რა თქმა უნდა, ყველა არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არჩევნები განსაკუთრებით, რადგან მის შედეგებზეა დამოკიდებული საქართველოს მომავალი – იქნება ის ევროკავშირში თუ მის მიღმა. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ამომრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე, გაერკვევა, თუ რომელი პოლიტიკური პარტია რას სთავაზობს, იმიტომ რომ ზოგჯერ ერთი პარტია ერთს გეუბნება და მეორეს აკეთებს. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ თითოეული ამომრჩეველი იქნება მაქსიმალურად ინფორმირებული.

ჩვენ ვეხმარებით უკრაინას და გვინდა, რომ მან ეს ომი მოიგოს. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, დემოკრატიამ გაიმარჯვოს და არა რუსეთმა, არა საბჭოთა მენტალიტეტმა. ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოსგან, რომ უკრაინას დაეხმაროს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვაფასებ ნებისმიერი ინდივიდუალური ქართველის ქმედებებს, იქნება ეს უშუალოდ უკრაინაში წასვლა დასახმარებლად თუ ფულის გაგზავნა თუ დევნილების მიღება. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებდეს რუსეთის ყველა სურვილს იმ მოტივით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი იქნება. მე მინდა შევახსენო “ქართულ ოცნებას”, რომ რუსეთს დღემდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და ოკუპანტთან თანამშრომლობა ღალატია.

ეს დამოკიდებულია დამკვირვებელთა მისიის დასკვნებზე იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა არჩევნებზე მანიპულაციები და რა მასშტაბის იყო ისინი. მაგალითად, თქვენთან არის ერთი პარტია, რომელსაც უფრო მეტი ფული აქვს საარჩევნო კამპანიისთვის, ვიდრე სხვა პარტიებს ერთად აღებულს. ეს ნიშნავს, რომ არის დიდი სისტემური პრობლემა, მაგრამ ტექნიკურად მანიპულაციად ვერ ჩათვლი. თუმცა, ამით შეგიძლია ყალბი პროპაგანდა აწარმოო, რაც საბოლოოდ გამოიყურება როგორც ყალბი შედეგები. თუ ჩვენ შევნიშნეთ, რომ რაიმე მსგავსი მოხდა, რა თქმა უნდა შედეგები იქნება ძალიან მკაცრი და თუ დადგინდა, რომ იყო სერიოზული მანიპულაციები, მაშინ შესაძლოა ბელარუსული სცენარიც ვიხილოთ.

ბევრი საკითხია, რაზეც შესაძლოა ქვეყნებმა ისაუბრონ და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც ერთ-ერთი ვარიანტია. თუ მთავრობა მართლაც გადაწყვეტს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და კიდევ უფრო გაუღებს კარს რუსეთს, მაშინ გაჩნდება ხიფათი, რომ შესაძლოა რუსი ჯაშუშები შემოვიდნენ ევროკავშირში საქართველოს გავლით. ასე რომ, დიახ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ერთ-ერთი ვარიანტი იქნება”.