პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო და არც ეკლესია.
,,სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ესმის, რომ ჩვენ ვირუსთან ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ გამარჯვებულები, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია და არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც. რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის”, — თქვა გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
პრემიერი ბზობის დღესასწაულზე 3 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის დარღვევასაც გამოეხმაურა და განაცხადა, ადამიანები დაჯარიმდნენ, მაგრამ არასერიოზულია იმის თქმა, რომ დაჯარიმდა ყველა, ვინც კანონი დაარღვია.
“შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ერთმნიშვნელოვანი საკითხი. რა თქმა უნდა, დაჯარიმებები იყო, მაგრამ არ იქნება სერიოზული ვთქვა, რომ დაჯარიმდა ყველა ადამიანი, ვინც კანონი დაარღვია. ეს რთული საკითხია”,- განაცხადა გახარიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულზე კანონი არ და ვერ დაირღევა.
,,კანონი არ დაირღვევა და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველანი ვართ ერთი, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას წარმოადგენს”,- თქვა გახარიამ.