ამ ბრწყინვალე დღეს მსურს, ვთქვა, უფლის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება – პუტინი COVID-19-ზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო მილოცვაში განაცხადა, რომ ,,კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების ყველა რგოლი ორგანიზებულად და პასუხისმგებლიანად მუშაობს და ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს”.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება სხვა ქვეყნების გამოცდილებას აანალიზებს.

„ყურადღებით ვაანალიზებთ კორონავირუსთან ბრძოლის მიმართებით სხვა ქვეყნების გამოცდილებებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს უცხოელ მეგობრებთან და კოლეგებთან და ვაცნობიერებთ, რა ხდება, რისკებს ვხედავთ და ვიცით, რისი გაკეთება გვჭირდება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ,,უფლის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება”.

„ჩვენი ხალხი ამბობს: ღმერთის იმედი გქონდეს, მაგრამ შენც ხელი გაანძრიეო! და ასეც ვიქცევით. თუმცა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მსურს, ვთქვა: ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ის კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული მკაცრი იზოლაციის გამო 18 აპრილის ღამით  ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგიაზე არ მისულა.

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინი აღდგომის დღესასწაულს თავის რეზიდენციაში, ნოვო ოგარიოვოში აღნიშნავს, სადაც რუსეთის ლიდერი უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფება.

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6060 შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში ინფიცირებულია 42 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 361 გარდაიცვალა, 3291 გამოჯანმრთელდა.