გაჭირვებაში, ყინვაში, წინასაახალწლოდ ადამიანებს ტოვებენ ქუჩაში – ჯაფარიძე აფრიკაზე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ ადამიანებს წინასაახალწლოდ ქუჩაში ტოვებენ.

“სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოახერხეს და მთავრობის “დახმარების” გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს

ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში. და ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია “საერთო საკუთრებაა”, სახელმწიფოსია, და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი “საერთო ინტერესი” ზიანდება.

ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას. ჩვენზე ზრუნვის მოტივით. და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემარულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს. მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ”,– ამბობს ჯაფარიძე.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერია უკანონო შენობებს ანგრევს. ადგილზე მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაკავებულია 10–მდე ადამიანი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს სახლები აქვთ, უბრალოდ მიწის მითვისება უნდა და აშენებენ აგარაკებს.