ამ დაწესებულებაში პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი – ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე

“ამ დაწესებულებაში პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი “- აცხადებს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი, კლინიკა ”ღია გულის” ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია, მე-18 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლოსაა იმისკენ, რომ დამძიმდეს.

“ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი დღევანდელ დღეს სააკაშვილი ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებზე ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი”, – განაცხადა მან.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭო გლდანის ციხეში, 4 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საბჭოს წევრებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პერსონალს და შეაფასეს იქ არსებული სიტუაცია.