”ალბათ, ბევრს უჩნდება კითხვა, თუ რა ხდება, რატომ არის ასეთი საცობი ქალაქში, რომელიც არასდროს ყოფილა ამ მასშტაბის, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი ძალიან მარტივია – ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება. რეფორმის, რომელსაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე და რთული თემა იყო. ეს იყო მთლიანად ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა…

მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო, მაგრამ, მეგობრებო, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და გვინდა ამ ქალაქის კეთილდღეობა, განვითარება. ამ [სარეაბილიტაციო] სამუშაოების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება…

მესმის, რომ არის დისკომფორტი და სირთულეები, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის განვითარება. თუ ვინმე გვასწავლის როგორ მოხდეს ქუჩების რეაბილიტაცია, მაგალითად მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება, რომ გადათხრა არ მოგვიწიოს კონკრეტული გამზირების ან ქუჩების, სიამოვნებით მივიღებთ რჩევას, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს ასეთი რამ. ამ დისკომფორტს ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ, მაგრამ გარწმუნებთ, როდესაც სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი იქნება გაცილებით უკეთესი, უფრო ლამაზი და უფრო კომფორტული, ვიდრე არის დღეს და იყო გუშინ ან გუშინწინ.”

აცხადებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რითიც თბილისში არსებულ საცობებს ეხმაურება.