დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინა 1 143-მა ადამიანმა გაიკეთა, ამასთან, პორტალზე დარეგისტრირდა 4 456 მედპერსონალი. გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.
“რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცეს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა შაბათს, 13 მარტს შემოვიდა და ის განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის. შემდეგი ეტაპია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალის აცრა, ამის მერე კი, ვაქცინას 75 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს გაუკეთებენ.