ამ დროისთვის პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი.  სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე კარვებში გაათენა.მათივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების რაოდენობა გაიზრდება და არ გამორიცხავენ, რომ კარვები საჭიროების შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზეც განთავსდეს.

როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, დღეს, დღის განმავლობაში, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი კარვებიც განთავსდება.

“დღეს გვიერთდებიან სხვადასხვა არასამთავრებო ორგანიზაციები გაშლიან კარავს და ასევე რეგიონებიდანაც გვიერთდებიან. ჩვენ როგორც ვამბობდით, პროტესტი უფრო და უფრო გაიზრდებოდა – დიახ, პროტესტი დღეს იზრდება. ჩვენ გუშინ ორკვირიანი ვადა მივეცით ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაპირებთ რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას”, – ამბობს ლაშა ხუსკივაძე “მოძრაობა საქართველოს” წევრი.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის წინ ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერი აქცია და მსვლელობა სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ გაიმართა.