ამ დრომდე უცნობია, სად არის რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი, რომელიც კოლონიაში გუშინ გარდაიცვალა.
რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე მესამე გამოსასწორებელ კოლონიაში, სადაც ნავალნი იხდიდა პატიმრობას, დღეს მისი ადვოკატი და დედა ჩავიდნენ, სადაც მათ აცნობეს, რომ ოპოზიციონერის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში იყო. ნავალნის ადვოკატი და დედა სალეხარდის მორგში მივიდნენ, თუმცა ის დაკეტილი აღმოჩნდა, კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკვის შემდეგ კი ადვოკატს უთხრეს, რომ ნავალნის ცხედარი მათთან არ არის.
ცხედარი არც სალეხარდის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია – ამის შესახებ თავად ბიუროში განაცხადეს, რომელსაც მედია დაუკავშირდა.
როგორც დედისთვის კოლონიაში გადაცემულ ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, მისი სიკვდილი ადგილობრივი დროით 16 თებერვლის 14:17 წუთზე დადგა.ნავალნის თანამებრძოლებმა გაავრცელეს განხადება, რომელშიც ამბობენ, რომ ის მოკლეს. ნავალნის ოჯახი და თანამებრძოლები მისი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას მოითხოვენ.
როგორც ნავალნის თანამებრძოლები ამბობენ, სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ მათ ვერ დაადგინეს ნავალნის გარდაცვალების მიზეზი.
ნავალნის ადვოკატს, რომელიც სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტში მივიდა, შეატყობინეს, რომ “ნავალნის გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის და ჩატარდა განმეორებითი ჰისტოლოგიური გამოკვლევა”, – იუწყება ოპოზიციონერის პრესმდივანი კირა იარმიში.
ამავდროულად, როგორც ივან ჟდანოვი წერს ნავალნის ადვოკატს და დედას კოლონიაში დღეს დილით უთხრეს, რომ პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი “უეცარი სიკვდილის სინდრომი” იყო.
იარმიშჩი წერს, რომ ექსპერტიზის შედეგები “სავარაუდოდ მომავალ კვირას იქნება ხელმისაწვდომი”.
ნავალნის თანამებრძოლები ამბობენ, რომ ხელისუფლება იტყუება და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ცხედარი ოჯახს არ გადასცეს.