ამ ეტაპზე ფართო “ლოკდაუნი“ არ იგეგმება, ვცდილობთ ლოკალიზებას – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, “ფართო ლოკდაუნი” არ იგეგმება და ცდილობენ, შემთხვევების ლოკალიზებას.

“ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც – ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია.

შემთხვევების მატება აღინიშნება. კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. ამდენად დღეს ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზება.

ამის მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება და ასევე ნიღბების და ყველა იმ წესების დაცვა, რაც დაწესებულია. ჯერჯერობით ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოხდეს ამ გზებით, შემდეგ სიტუაცია როგორც განვითარდება, ამის მიხედვით მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუშვებელია, რომ ეპიდემიას ესკალაციის შესაძლებლობა მივცეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.