საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს “მწვანე ქვეყნებში” შეყვანა მთავრობის წარმატებით მუშაობას ადასტურებს.
“მივესალმებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველო შეყვანილი იქნა იმ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში, ვისთვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის საზღვრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა COVID 19-ის პანდემიის ფართოდ გავრცელება. საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი. რაც ასევე დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით”,– თქვა ზალკალიანმა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, შეინარჩუნოს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების არსებული სურათი, რათა პირველ რიგში დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შეინარჩუნოს პოზიტიური იმიჯი.
“ეს, რა თქმა უნდა მოითხოვს, ფრთხილ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან აქტიურ კოორდინაციაზე და მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზე. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უკვე დავიწყეთ კოორდინაცია და კომუნიკაცია კონკრეტული კრიტერიუმებზე და პირობებზე იმისთვის, რომ ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადასვლა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელთანაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვრების გახსნას დაიწყებს.