“ივნისში დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყნებში პრაიდის თვეს აღნიშნავენ. ეს თვე ქვიარ ადამიანების ღირსების, თანასწორობისა და ხილვადობის თვეა.
ჯერ კიდევ შემოდგომაზე, თბილისი პრაიდის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ზაფხულს ფიზიკური ღონისძიებები არ დაგვეგეგმა. ჩვენ გავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო ზაფხული სავსე იქნებოდა ხელისუფლების მიერ წახალისებული ფიზიკური ძალადობითა და სიძულვილისა და ზიზღის შემცველი რიტორიკით.
ახლა, ივნისის თვეში, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო და სიძულვილზე დაფუძნებული ანტი-ლგბტქ საკანონმდებლო პაკეტი დააანონსა, საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად, ჩვენს გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვართ. ჩვენ უმაღლეს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ვიჩენთ და ვაცნობიერებთ, რომ დღეს ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა განუყოფელია საერთო სახალხო ბრძოლისგან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა კი 26 ოქტომბერს აუცილებლად ხალხის სასიკეთოდ დასრულდება.
ჩვენ შემდეგ თვეებს გამოვიყენებთ, რომ ქვიარ ადამიანების სათქმელი კიდევ უფრო მეტი ადამიანის გულამდე მივიტანოთ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ყველას ავუხსნით, რომ ჰომოფობია რუსული პოლიტიკური იარაღია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.
ჩვენ ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ და მარად და ყველგან ვიქნებით იქ, სადაც სამშობლო გვიხმობს”.
ნათქვამია Tbilisi Pride პრაიდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.