უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დაქირავებული მკვლელი რამზან კადიროვის დავალებით გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.
ვოლსკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის, რადგან, როგორც თავად ამბობს, მათ გამოავლინეს განზრახვა, რომელიც არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა ქვეყანაში დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო.
“ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა. ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ადამიანის მიმართ, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული. ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ შესაძლოა, საქართველოში გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა გამხდარიყო,”- განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.