ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო 17–დან არცერთი დაკავებულის მიმართ აღკვეთ ღონისძიებას არ გამოიყენებს.
კობაიძის თქმით, საქმის მასალებით დაკავებულების ბრალეულობა არ დასტურდება, “ამ უბედურებას” კი 17 ადამიანის და მათი ოჯახების უბედურება ემატება.
„მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც იმოქმედა. მე მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მივიღეთ ძალიან ცუდი რამ, რომ ამ უბედურებას კიდევ 17 ადამიანის და მათი ოჯახების უბედურება ემატება, რადგან საქმის მასალებს შეძლებისდაგვარად დაცვის მხარე გაეცნო და არსად არ დასტურდება ბრალეულობა, იმ მუხლების ავთენტურობა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა თუნდაც ის დაკავება, რომელიც განხორციელდა.
მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღეს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არცერთ სპორტსმენზე, არცერთ ადამიანზე არ გამოიყენებს, რომლებიც აქ არიან და ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. ამას მოვუწოდებ როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას“, – განაცხადა კობაიძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.