“ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია.”- ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი მის მიმართ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
“ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა. მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია.
სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი – იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.
ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას.
ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში”, – წერს დავით კეზერაშვილი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ მოსამართლემ თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა მას და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა.
დავით კეზერაშვილის საქმეზე 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. იმ დროს პროკურორი შალვა თადუმაძე იყო დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან განიხილა დავით კეზერაშვილის საქმე კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად.