სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს:
„აღნიშნულია, რომ ბავშვს მიღებული აქვს მრავლობითი დაზიანება, როგორც სახის არეში, ისე ქვედა და ზედა კიდურებზე, მათ შორის, ზურგის არეში. დაზიანებებია როგორც პატარა, ისე საშუალო და დიდი ზომის. არის სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები. დასკვნაში დაზიანებებზე წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია, მაგრამ რა ვითარებას შეეძლო გამოეწვია ეს დაზიანებები, ეს იყო რაიმეს ზემოქმედებით თუ სხვა რა ფორმით მოხდა ამ დაზიანებების მიღება, ეს დასკვნაში აღწერილი არ არის. მითითებულია, რომ თითოეული ეს დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, გარდაცვალების პერიოდის. არა ვთქვათ, მანამდე ერთი კვირით ან თვით ადრე მიღებული, არამედ, ზუსტად იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა“, -ამბობს ხატია ყურუა, ოჯახის ადვოკატი.
რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, ადვოკატის თქმით, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან:
„თუმცა, ასფიქსია გამოწვეული იყო სხვა პირის ზემოქმედებით, თუ რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, არ არის აღნიშნული დასკვნაში, ამიტომ გვიჭირს კონკრეტული პასუხების გაცემა“.
ანის დედა, ნატო ხუტაშვილი დარწმუნებულია, რომ 17 მარტის ღამეს მისი შვილი მოკლეს. ის ამბობს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნამ მისი მტკიცე ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა:
„სხვადასხვა სახის 39 დაზიანება აქვს ბავშვს მიღებული. ზუსტად იმავე აზრზე ვარ, რასაც მანამდე ვფიქრობდი. ბავშვი არის მოკლული, 39 დაზიანება როგორ შეიძლებოდა ბავშვს მიეღო? რა თქმა უნდა, რომ ბავშვი მოკლულია და რა თქმა უნდა, რომ ეს დასკვნაც ამაზე მეტყველებს“.
12 წლის გარდაცვლილ გოგონას, ჯამში 5 ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახი და ადვოკატები ახლა უკვე კომპლექსურ ექსპერტიზის დასკვნის ჩატარებას მოითხოვენ ასევე შესაძლოა მათ დააყენონ საკითხი ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით.12 წლის გოგოს მკვლელობის გამო ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული. გამოძიებას ამ ეტაპზე ეჭვმტანილი არ ყავს.