თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილი არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ძველ და ახალ ოპოზიციას შორის განსხვავებები გამოჩნდა. შაქარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს.
„ახალი ოპოზიცია – კარგია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა დღეს ეს ფრაზა გააჟღერა, იმედია გააზრებულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ცვლილებები ოპოზიციის შეცვლით უნდა დაიწყოს. ქვეყანამ ჯერ 2012 წელს გადადგა წინ უდიდესი ნაბიჯი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაისტუმრა ხელისუფლებიდან და კიდევ უფრო წარმატება იქნება 2020 წელს თუ ოპოზიციიდანაც გაისტუმრებს მათ!”,–ამბობს შაქარიშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” სურვილი “ენმ”–სგან გათავისუფლება არ არის, თუმცა ეს ხალხის არჩევანია.
“მართალია ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებში არ შედის, რადგან სიზმარშიც ვერ იოცნებებს რომელიმე მმართველი ძალა ისეთ ოპონენტზე, როგორიც დღეს ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს. ამასთან, გაირკვა, რომ არც მორალური შეუთავსებლობა აქვთ. გასაგებია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გათავისუფლება მათი სურვილი რომ არ არის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ხალხის არჩევანი და ამას გააკეთებს ისევ და ისევ მისი აღმატებულება, ქართული საზოგადოება”,– განაცხადა შაქარიშვილმა.