პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლამდე ხელისუფლება უზურპირებული ჰქონდა.
“საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან კონსტიტუციამ, რომელიც საამაყო უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის იმდენი ტრანსფორმაცია განიცადა, რომ გადაიქცა ტექსტად, რომელმაც დაკარგა ეროვნული შეთანხმების მნიშვნელობა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ გამარჯვება მოიპოვა სწორედ ისეთი ძალის დამარცხებით, რომელსაც პირდაპირ უნდა ითქვას, უზურპირებული ჰქონდა ხელისუფლება. მიტაცებული როგორც მთელი ძალაუფლება, ასევე კონტროლიც ყველა სახელისუფლო თუ საზოგადოებრივ ინსტიტუტზე”,– ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუცია “ერთ ადამიანს მოერგო”.
“უნდა ითქვას პირდაპირ, მეგობრებო, ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია. 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია ერთი ადამიანის ნებასურვილს დაექვემდებარა და მას მოერგო. ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ქვეყნის მმართველობის ფორმის გადაყვანა საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე მხოლოდ იმ ერთადერთი მიზნით მოხდა, რომ უვადოდ გაგრძელებულიყო მოძალადე ხელისუფლის მმართველობა. სწორედ ამგვარად იყო დაჭრილი და დაჩეხილი ის დოკუმენტი, როდესაც ქართველი ხალხის ნებით ანტიკონსტიტუციური მმართველობა შეიცვალა”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კონსტიტუცია ირაკლი კობახიძემ გამართა.