“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, დღის წესრიგი არ არსებობს ” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, დღის წესრიგი არ არსებობს. არ არსებობს ერთიანი ხედვა ფორმატთან დაკავშირებით. თუმცა, პირველი შეხვედრის მიზანიც და ამოცანაც თავისთავად ეს იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი მიმართულებით და ბევრ თემაზე ყოფილიყო საუბარი, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი შეჯერდეს. ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემი პირადი განცდაა, რომ ვერანაირი სამოქალაქო თანხმობის პროცესი ქვეყანაში ვერ წარიმართება, თუ ის იქნება ისტორიის კვლევის ფორმატით. ეს პროცესი შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ ყველაფერს დავინახავთ დღევანდელი რეალობის პრიზმით და დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე ცუდი იყო კარგი. ცუდი, მიუღებელი და არასდროს რომ არ უნდა გავიმეოროთ იყო ის, რაც დაემართა პირველ პრეზიდენტს და ამასობაში, არაფერი არ ვთქვათ უკვე სხვა პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც ცოტა ხნის წინ გლდანის ციხეში ვნახეთ. ამიტომ ეს პროცესი თუ იქნება იმისთვის, იმ ამოცანით, რომ დღევანდელი რეალობის პრიზმაში დავინახოთ, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ გარკვეული ტიპის საინტერესო თანხმობის ქარტია მივიღოთ. რაც შეეხება იმას, მე იქ ვიქნები თუ არა, ეს შეიძლება არავისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაუგებარი პროცესის ნაწილი არ ვიყო. ახლა ჩვენ ველოდებით დოკუმენტს, რომელშიც იქნება როგორც ფორმატი დაზუსტებული, ასევე თემატიკა. ჩემი განწყობა არის ნათელი – მე ვიქნები ამ ფორმატში თუ ის არის დღევანდელი პროცესების შესახებ”, – განაცხადა ხიდაშელმა.