“გიგა ბოკერიას აზრი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი. რაც უნდა ის ილაპარაკოს. ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება.
პირველი – უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გენერალურ ასამბლეაზე დაუჭირა მხარი. ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომ გაეროს სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ აღძრულიყო საქმე იმის გამო, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, დაუჭირა მხარი. არ ვთქვათ ეს? ვთქვათ, რომ ეს არ გაუკეთებია საქართველოს ხელისუფლებას? ხომ იდიოტიზმია, მაპატიეთ. გააკეთა.
შეიძლება მეტი გააკეთოს? ამისათვის უნდა გვქონდეს ზუსტად იმ ხარისხის და იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკმაყოფილო არიან. ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, მაგრამ ის, რაც გაკეთებულია, ამაზე უნდა ვთქვათ, რომ გაკეთებულია. ძალიან მარტივად”
თქვა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.