ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!“ – ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე განცხადებას ავრცელებს.

“საქართველომ Inter Rao-სთან, სტოკჰოლმში, საარბიტრაჟო დავა წააგო და 112 მილიონი დოლარის (დაახლ. 300 მილიონი ლარის) გადახდა დაეკისრა.

ვინ იხდის ამ ფულს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა!
საქართველოს ბიუჯეტი ივსება რამდენიმე გადასახადით, რომელთაგან სამი მათგანი არის უმთავრესი:
1. დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც იხდის მოსახლეობა, როცა ყიდულობს ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, საკვებს, საცხოვრებელს და ა.შ. (18 %)
2. საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის საქართველოში დასაქმებული თითოეული მოქალაქე. (20%)
3. აქციზი, რომელიც პირველ რიგში, ეხება ენერგომატარებლებს და თამბაქოს ნაწარმს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია მსოფლიოში და საქართველოში და ამიტომაც ღირს საწვავი ასე ძვირი.

ახლა ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა! მომავალში, კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ჩვენი ხელისუფალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ, თავისი მილიარდებიდან არაფერს გადაიხდის, ძვირფასო მოსახლეობავ!

რატომ დაგვაჯარიმეს, როგორ მოხდა, რომ დაგვაჯარიმეს?! ეს იმის შედეგია, რომ ბატონმა ივანიშვილმა სრულად არაკომპეტენტური, განათლების არმქონე, მაგრამ როგორც უწოდებენ, „უძლიერესი“ მენეჯერი დანიშნა ენერგეტიკის მინისტრად. ეს ერთეული შემთხვევები არ არის და შეგახსენებთ ე.წ. ავტობუსების საქმეს.

როცა ხელისუფლება შეიცვლება, დავითვლით, ბატონ ივანიშვილს და მის მიერ დასმულ ქურდ-ბაცაცებს რამხელა ზარალი აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული, როგორც პირდაპირი ქურდ-ბაცაცობით, ისე საკუთარი არაკომპეტენტურობით და შედეგად, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მთელ ქონებას დაუყადაღებს!”- ნათქვამია განცხადებაში.