ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. როგორც პრესკონფერენციაზე კონსორციუმის წარმომადგენელმა განმარტა, მათ ორი სარჩელი 29 ივლისს შეიტანეს.

მათ შორის ერთი უშუალოდ ანაკლიის კონსორციუმმა შეიტანა, მეორე კი ბობ მეიერსმა, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი უმსხვილესი წილის მფლობელი იყო.

არბიტრაჟში შეტანილ სარჩელებში კონსორციუმი საქართველოს სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღუარებას მოითხოვს.

მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მათ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგათ.

საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ხელშეკრულების გაწყვეტასა და პირგასამტეხლოს, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ისინი ხელშეკრულების მიერ გაწერილ პროცედურებს მიჰყვებიან.

მალევე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არბიტრაჟში გაასაჩივრებდა. როგორც კონსორციუმის დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, არბიტრაჟში საქმის წარმოება მარტში უნდა დაწყებულიყო.

კონსორციუმში შემავალი თიბისი ჰოლდინგის მაშინდელი ხელმძღვანელი და ახლა მოძრაობა ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას მიზანმიმართულად უშლის ხელს.