ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
“როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, ეს იყო შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ასევე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომლებმაც 2024 წლის 20 მაისამდე წარმოედგინათ ტექნიკურ-კომერციულ-ფინანსური წინადადებები. აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარები. ეს ვადა უკვე გავიდა. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა. რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს.
უახლოეს დღეებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამოვავლენთ გამარჯვებულს. ამის შემდეგ დავიწყებ მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებებზე შეიძლება საჭირო იყოს რამდენიმე კვირიანი პროცესი. საბოლოოდ ჩვენ უკვე გავაფორმებთ ხელშეკრულებას კერძო პარტნიორთან”, – განაცხადა დავითაშვილმა ბრიფინგზე.