ანასტასია ზინოვკინას წერილის შემდეგ, არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო – გრიბულის მოთხოვნაა გამოვლინდეს ყველა ის N5 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას.
“რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა – არტემ გრიბულმა. მედიიდან შეიტყო შემზარავი ამბავი ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა გახდა არაადამიანური მოპრყობის მსხვერპლი ციხის თანამშრომლების მხრიდან. არტემ გრიბულმა შემატყობინა რომ იწყებს შიმშილობას. არტემ გრიბულის მოთხოვნა არის, გამოვლინდეს ყველა ის N5 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას; გამოვლენილი ყველა დამნაშავე გათავისუფლდეს სამსახურიდან და დაისაჯოს.” – წერს გრიბულის ადვოკატი, დარია სამუდოროვა სოციალურ ქსელში.
გუშინ, ალიონა ზაიცევამ ზინოვკინასთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა მისი მდგომარეობის შესახებ – “დღეს დარეკა რუსმა პოლიტპატიმარმა, ანასტასია ზინოვკინამ, რომელიც ამჟამად იმყოფება რუსთავის №5 ციხეში. მან აღწერა, ფაქტობრივად როგორ დასცინოდნენ ციხეში გუშინ.
სუსტი გულის პატრონებს გირჩევთ არ წაიკითხოთ.
ანასტასიას აქვს ზურგის სერიოზული პრობლემა. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ რეალურად არ მკურნალობენ. არ აძლევენ ორთოპედიულ მატრასსა და ბალიშს. ის ცდილობდა მათ ყიდვას ციხეში-თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ უარი უთხრეს. გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა.
დილით ექიმმა გაუკეთა ნემსი. 12:30-ზე ზურგი ისე დაეჭიმა, რომ აღარ შეეძლო ადგომა. ის რვა საათის განმავლობაში ყვიროდა და ეძახდა ბადრაგს. ანასტასია იმყოფება სამარტოო საკანში, რაც ნიშნავს, რომ არავინ ჰყავს, ვინც ადგომაში დაეხმარება. ბადრაგები სარკმელს აღებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არაფრით შეუძლიათ დახმარება.
გუშინ იყო აბაზანის დღე, შესაბამისად, მან ვერ შეძლო აბაზანის მიღება. ბადრაგებმა ჩაწერეს, რომ მან უარი თქვა აბაზანის მიღებაზე.
ანასტასია რვა საათის განმავლობაში იწვა იატაკზე, ვერც ტუალეტამდე მივიდა.
21:00 საათზე შევიდა მედდა, არ დაეხმარა ადგომაში. პამპერსი ესროლა და წავიდა. ანასტასიამ სცადა ადგომა, რომ პამპერსი ჩაეცვა, მაგრამ დავარდა იატაკზე და შუაღამემდე ასე იწვა.
შუაღამეს შევიდნენ მასთან კამერაში და დააწვინეს საწოლზე. ბადრაგებმა ჩაწერეს, რომ “გაურკვეველი მიზეზით არ გამოცხადდა ღამის გადათვლაზე.”
დილით 6 საათზე ანასტასიამ შეძლო ტუალეტამდე მიძრომა და გამოყენებული პამპერსის გადაგდება. დაკუწული ნაჭრებისგან თვითონ მოიმზადა კორსეტი და შეძლო დარეკვა, რათა ეს ყველაფერი მოეყოლა.
10 საათზე მასთან შევიდა ისევ ის ექიმი და თქვა, რომ საჭიროა ნევროლოგი. მაგრამ ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლია არის უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც აქვს ფსიქიატრს. ამის მიღებისთვის საჭიროა მისი თანხმობა. ამის შემდეგ ზარი შეწყდა.”











