ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისსში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკცარი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა. ამასთან, საქმის პროკურორი მიხეილ ჩხეიძე საკუთარ შუამდგომლობაში ბექა ლატარიას წარსულში ნასამართლევობაზეც საუბრობდა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, ბექ ლატარია ნასამართლევია ძალადობრივი და ნარკოტიკული დანაშაულისთვის. რაც შეეხება ბიძინა ხასიას, პროკურორის თქმით, ის პოლიციელების დანახვაზე გახდა აგრესიული, ხელყუმბარა გახსნა და კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციელების მიმართულებით ისროლა, ამ დროს კი ლევან რაჯავი ხასიას დაკავებაში პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რითაც ბიძინა ხასიამ ისარგებლა და მეზობლის აივანზე მიიმალა. ჩხეიძის თქმით, აღნიშნულ ყუმბარას როგორც ქვემოთ მდგომი პოლიციელების, ასევე კორპუსში მყოფი პირების სიცოცხლის მოსპობა შეეძლო.

სასამართლო პროცესს ესწრებოდა სამივე დაკავებული. თუმცა, ბექ ლატარია მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის, კერძოდ, პროკურორის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს.