ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია ხალხისთვის თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე იქნება. პარტიამ კანდიდატი ოფიციალურად დღეს წარადგინა.

“ეს ქალაქი დღეს არ არის ხალხისთვის, ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის, ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდით არის ბენზინგასამართი სადგურები, ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომელთაც არა აქვთ ტროტუარები, რომ გაასეირნონ ბავშვები, ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არა აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არცერთი სივრცე არ არსებობს, სადაც პენსიონერი ადამიანი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს”, – განაცხადა ანა დოლიძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის მერობის კანდიდატურები რამდენიმე პარტიას ჰყავს წარდგენილი:  ქართული ოცნების კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძე. ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მერობის ერთობლივი კანდიდატი ნიკა მელიაა. ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდა, ხოლო მომავალ ვიცე-მერად ცოტნე კობერიძე წარადგინეს.

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია.