პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მის მძღოლს გუშინ საღამოს თავს დაესხნენ და სცემეს.
“გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. მას დახვდა ჯგუფი, რომელიც ჯერ აზიანებდა მანქანას. მას შემდეგ რაც ბატონი ვალერი ჩაერია მობრუნდნენ და აგრესია გადაიტანეს მასზე და მთელი ჯგუფი ურტყამდა”,– ამბობს დოლიძე.
დოლიძე აღნიშნავს, რომ თავდასხმა შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
“ეს არ არის მსგავსი პირველი შემთხვევა. ქვეყანაში ფაქტია, არსებობს გაგება, რომ შეიძლება ასაკოვან, მშვიდობიან მოქალაქეს, ერთს, ბიჭების მთელი ჯგუფი დაესხას უბანში და ისინი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, თუ ეს საქმე დარჩება დაუსჯელი, ჩვენ გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ აქ ვიღაცას აქვს მიცემული მწვანე ბარათი, რომ ასე ანგარიშწორებით გაუსწორდნენ პირს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს საქმიანობასთან”,– აცხადებს ანა დოლიძე.
შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ექპერტიზა ჩაუტარდება, როგორც დაზარალებულს, ასევე დაზიანებულ მანქანას.