„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა რომ, პარტია, შეთანხმებიდან გასვლას არ აპირებს და ოპოზიცია შეთანხმებისამებრ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას დააყენებს, თუკი ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43 პროცენტზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
„პირობის უკან წაღება, ასე მარტივად არ ხდება, ამისთვის, როგორც წესი, ძალიან მძიმე ფასი არსებობას. სწორედ ის 43% არის, რაც „ქართულ ოცნებას“ აშინებს. ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმ გარემოში მუშაობა, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე თბილ სკამზე ზის, ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს პარლამენტარის საქმიანობაზე. ყოველ შემთხვევაში, მითხრას ვინმემ, სად არის ეს თბილი სკამი, მაჩვენოს – მე ვერ ვნახე, ოთხი თვეა იქ ვზივართ და ის სკამი არც თბილია და არც კომფორტული, მაგრამ ეს არის ვალდებულება, რომლის შესრულების გადაწყვეტილება სწორედ შეთანხმების შემდეგ მივიღეთ.
ჩვენ პარლამენტშიც უნდა ვიყოთ, ქუჩაშიც, ხალხშიც, პარტნიორებსაც უნდა ველაპარაკოთ, სადაც რა შესაძლებლობა გაჩნდება, ყველგან უნდა ვიყოთ. სადაც არის „ქართული ოცნება“ და უქნარობა, უპასუხისმგებლობა და კორუფცია, ყველგან უნდა ვიყოთ. „ქართულ ოცნებას“ სიტყვაზე რომ არ ვენდეთ, ამიტომ იყო საჭირო ის მედიაცია და ჩართულობა საჭირო.
„ქართულ ოცნებას“ რა უნდოდა? – „რადგან მე მაგიდა ავაყირავე, შეთანხმება აღარ არსებობს“, ოღონდ ეს ასე ცალმხრივად არ ხდება. შემდეგ ოპოზიცია იტყოდა, რომ „რადგან შენ არ გინდა ეს შეთანხმება, არც მე მინდა,“ მაშინ ნამდვილად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი, დარჩებოდა მხოლოდ მედიატორი. ჩვენ არც ამ შეთანხმებიდან და არც პარლამენტიდან არ ვაპირებთ გასვლას, რადგან ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ თქვას, „ხედავთ, იმათაც დაარღვიეს შეთანხმება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.