ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირებს – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შეფასებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, რომლის მიხედვით, ეკლესიას შეუძლია პირდაპირ მოუწოდოს მრევლს, როგორ მოიქცნენ არჩევნებზე, არის ეკლესიის ავტორიტეტით მანიპულირების მცდელობა და წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

მათი განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას უკრძალავს რელიგიურ ორგანიზაციებს, რაშიც საქართველოს საპატრიარქოც მოიაზრება, ჯაღმაიძის საჯარო განცხადება კი, ბუნებრივია, შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც თავად ორგანიზაციის პოზიცია.

“მღვდელმთავრების მონაწილეობას პოლიტიკურ ღონისძიებებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს. წმინდა სინოდის (ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო) 2012 წლის 5 ივლისს მიღებული განჩინებით, ეკლესია წარმოადგენს ქვეყნის გამაერთიანებელ, ნეიტრალურ ძალას. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში, მღვდელმთავრების მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში დაუშვებელია. განჩინების მიხედვით, ნათელია, რომ ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო, მღვდელმთავრის ქცევას ეკლესიის პოზიციის გამოხატულებად მიიჩნევს.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის როგორც 2020, ისე 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან და პოლიტიკური განცხადებების კეთებისგან თავს არ იკავებენ (რაც, ძირითად შემთხვევებში, გამოიხატება საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებაში ან/და თავიანთი პოლიტიკური ხედვის ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერი ან/და საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებაში)”,- აცხადებს DRI.

კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს, მის წარმომადგენლებს და ყველა დონის სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი ფორმით ჩარევისაგან.