“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის შვილისა და ბიძაშვილის კომპანიამ 4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.
“შპს როდას 4 მილიონი ლარის 86 სახელმწიფო შესყიდვა უფიქსირდება, საიდანაც ნახევარი უკონკურენტო გარემოში ან მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.
ამონაწერის მიხედვით, როდას მფლობელი დავით ბოლქვაძეა, ხოლო კომპანიის ელექტრონულ მისამართად საჯარო რეესტრში bolqvadze-rolandi@mail.ru არის მითითებული.
როლანდ ბოლქვაძე ანზორ ბოლქვაძის შვილია, რომელიც აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსი და შესყიდვების კომისიის წევრია.
დავით ბოლქვაძე და ანზორ ბოლქვაძე წარმოშობით სოფელ უჩხოდან არიან. კომპანიას 1,325,000 ლარის 45 ტენდერი სწორედ ხულოს მუნიციპალიტეტში აქვს მოგებული”,– აცხადებს ორგანიზაცია.
მათივე განცხადებით, ფაქტებს ამყარებს ისიც, რომ აჭარის ა/რ გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში, სადაც, მეტოქე კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე შპს „როდა“-მ გაიმარჯვა, პირველ სხდომას არ დაესწრო როლანდ ბოლქვაძე, სადაც, მას ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე „ინტერესთა კონფლიქტის“ შესახებ. თუმცა ყველა დანარჩენ სხდომას, მათ შორის, შპს „როდას“ გამარჯვებულად გამოვლენის დროს, ესწრებოდა.