ანომალური ზაფხული 2020:ზოგან გვალვა, ზოგან წყალდიდობა. მეცნიერები პლანეტას დათბობის ახალ რეკორდს უწინასწარმეტყველებენ

2020 წლის ანომალური ზაფხული ტემპერატურულ რეკორდებს ხსნის და პლანეტას ქარიშხლების, ხანძრების, გვალვის და წყალდიდობის დამანგრეველ სეზონს უქადის. ზოგი ქვეყანა სიცხისგან იწვის, ზოგან კი წყალდიდობა და ყინვაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების მორიგი დასტურია და 2020 წელს კლიმატზე დაკვირვების ბოლო 150 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხულების ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.

ასეთი რეკორდები ცუდ ტრადიციად იქცა: ბოლო 20 წლიდან 19 წელი ყველაზე ცხელი წლების ოცეულში შედის, ბოლო 6 წელი კი ამ რეიტინგის პირველ ექვსეულს იკავებს. რამდენიმე თვის შემდეგ უკვე წლევანდელი წელიც დაემატება რეიტინგის სათავეს, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა.

ვარაუდები იმის შესახებ,  რომ გლობალური დათბობა დაჩქარდა, მორიგ ჯერზე დადასტურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად დამტკიცებული პარიზის შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა, უნდა გადაიხედოს.

თუმცა ამისთვის ახლა შეუფერებელი დროა: კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მორიგ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირა, რის გამოც ბევრ ქვეყანაში “მწვანე დღისწესრიგმა“ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

2020 წლის ივლისი 1880 წლის შემდეგ ყველაზე ცხელი ზაფხულების სამეულში მოხვდა: ხმელეთის და ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა 20–ე საუკუნის საშუალო ტემპერატურაზე 0.92 გრადუსით მაღალი აღმოჩნდა და სულ 0.1 გრადუსი დააკლდა გასული წლის ივლისის აბსოლუტურ რეკორდამდე, და ეს მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში ჩვეულებრივზე შედარებით ცივი ზამთრის წყალოთ მოხდა.

რატომ არის საშიში ექსტრემალური სიცხე:

ბრიტანეთის სამეფო მეტეოსამსახურის მონაცემებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიცხე უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები. ტემპერატურის ზრდის გამო დედამიწის ზედაპირზე ნიადაგი შრება, ყინულები კი დნება.

წელს ივლისში არქტიკის ყინულოვანი საფარი ოთჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ბოლო 40 წლის საშუალო მაჩვენებელი. ჩრდილოეთის საზღვაო გზა პრაქტიკულად მთლიანად გათავისუფლდა ყინულისგან.

წინა რეკორდის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში არქტიკაზე პოლონეთის ტერიტორიის ხელა ყინული დადნა. ბოლო 45 წლის განმავლობაში კი მისი მოცულობა ორი მესამედით შემცირდა. ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა, 21–ე საუკუნის შუა პერიოდისთვის ჩრდილოეთით ზღვის ყინული საერთოდაც აღარ დარჩება.

ეკვატორთან ახლოს კი ექსტრემალური დათბობის შედეგები ცხოვრებას ურთულებს მეზღვაურებს და სანაპირო ტერიტორიების მაცხოვრებლებს. წელს ქარიშხლების სეზონი უჩვეულოდ ადრე დაიწყო და უკვე ივლისისთვის ტროპიკებში უკვე ცხრა შტორმი დათვალეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ზაფხულის შუა პერიოდისთვის.

ეკვატორთან ძლიერი ქარები ლა ნინიას ფენომენის ჩასახვაზე მიუთითებს. ეს არის წყნარ ოკეანეში ტემპერატურის დაცემა, რაც გახურებულ ატლანტიკასთან ერთად იმას ნიშნავს, რომ 2020 –ში ძლიერი ქარიშხლების სეზონი გველის.

აშშს ატმოსფერული მოვლენების ნაციონალური სამმართველო 25 –მდე ციკლონს ვარაუდობს, ნაცვლად ჩვეულებრივი 12–ისა, რომელთაგან ნაწილი უკიდურესად დამანგრეველი იქნება.

ევროპის ნაწილში ზაფხულში უკიდურესი სიცხე იყო იმ დროს, როცა მეორე ნაწილი წყალდიდობას და სიცივეს უმკლავდებოდა.

მაგალითად, ფინეთში ნორმაზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა და ტემპერატურა ჩვეულებრივზე ბევრად დაბალი იყო, როცა საფრანგეთსა და პორტუგალიაში ბოლო 90 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი ზაფხული ქონდათ.

სწორედ ამით არის საშიში გლობალური დათბობა მეცნიერების მტკიცებით. ის ტემპერატურის და ტენიანობის მკვეთრ ცვალებადობას და ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს.

პლანეტის გახურება დამკვირდებული გაგრილების სისტემის და წყლის და ჰაერის ცირკულაციის სისტემის დარღვევას იწვევს, შედეგად კი ქარიშხლების, ტროპიკულ წვიმებს, გვალვებს და ყინვებს.

ნორმისგან გადახრა იმდენად გახშირდა, რომ ევროპა მაგალითად ზედიზედ უკვე მესამე გვალვიან ზაფხულს უძლებს, რაც მოსავალზე და ეკონომიკაზე აისახება. ზედიზედ სამწლიანი გვალვა ევროპის ბოლო 250 წლის ისტორიას არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ევროპაში გვალვა გახშირდა, 2003 წელს კი ლამის ბიბლიური მაშტაბის გვალვა იყო, როგორიც მხოლოდ რამდენიმე ასწლეულში ერთხელ ხდება.

ევროპის მსგავსი სიტუაციაა ამ ზაფხულს ატლანტიკის მეორე მხარე. აშშ–ს სამხრეთ დასავლეში სიცხისგან იტანჯებიან, ცენტრალურ შტატებში კი ზომაზე მაღალი ნალექიანობაა.

დათბობის და მისი შედეგების ყველაზე ნათელი მაგალითი მორიგ ჯერზე კალიფორნია გახდა. მან საკუთარი ტემპერატურული რეკორდი მოხსნა: სიკვდილს ველზე ტემპერატურამ  54.5 გრადუსს მიაღწია. შემდეგ კი მთელ შტატში ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად ენერგოსისტემამ ვეღარ გაუძლო კონდიციონერების და მაცივრების მაქსიმალური გამოყენების შედეგად გადატვირთვას და დენის გამორთვებიც დაიწყო.

კალიფორნიაში საშუალო ტემპერატურა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე მთლიანობაში პლანეტაზე, ნალექების რაოდენობა კი მცირდება. ბოლო ათწლეულში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყეების ფართობი 40%–ით გაიზარდა.

2020 წლის არა მხოლოდ ზაფხული, არამედ მთელი წელი ანომალიებით გამოირჩევა, რაც უკვე  ნორმა ხდება. იანვარ–ივლისში პლანეტა ჩვეულებრივზე 1.05 გრადუსით უფრო მეტად გახურდა.ევროპამ და აზიამ ტემპერატურული რეკორდები მოხსნეს.

ამერიკელი მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ 2020 წელი ბოლო 141 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წლების ხუთეულში შევა და დიდი ალბათობით რეკორდული იქნება.

გლობალური დათბობის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა ქვეყანამ მოილაპარაკა ატომსფეროში სათბურის გაზების გატყორცნის შემცირებაზე იმ იმედით, რომ პლანეტაზე ტემპერატურის მატებას შეაჩერებენ, თუმცა ეკოლოგები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ეს არასაკმარისია, განსაკუთრებით შეთანხმებიდან აშშ–ს გასვლი სშემდეგ.

2020 წლის ცხელ ივლისში მეცნიერებმა ახალი არგუმენტი მოიყვანეს:

მათ  ხელახლა გადათვალეს წარსულში შექმნილი მოდელები და დაასკვნეს, რომ გამონაბოლქვის ამჟამინდელი დონის შენარჩუნების შემთხვევაში ტემპერატურის მატების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ამიტომაც ნახშირმჟავა გაზების ატმოსფეროში კონცენტრაციის ბუნებრივი იმედის შემცირება არ უნდა გვქონდეს და მკაფიო ზომები უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანომალური ზაფხულები სულ უფრო გახშირდება.