„წლების განმავლობაში ვიყავი პირდაპირი მოწმე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. პრესტიჟითა და ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები როგორ იდგნენ ივანიშვილის კარზე. როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სამსახურში, მომთხოვა იმ ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომლებსაც დღემდე შათირიშვილი აკეთებს.

ამის შემდეგ გავხდი მიუღებელი და შესაბამისად, ივანიშვილმა მომიწყო სასამართლოს იმიტაცია, რომელსაც წინა 2 წლის განმავლობაში გავდიოდით. […]

შემდეგ მან მიმართა კრიმინალურ მეთოდს – მოტაცებას, რომლითაც 90-იან წლებში მას ძმა მოსტაცეს, მეთოდს, როგორც კალაძეს მოსტაცეს ძმა. ზუსტად ამავე მიზნით – ფულის გამოძალვის მიზნით. განსხვავება ის იყო, რომ იმ გამტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული.

ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარაწამოფარებული, უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით, ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეთხზული და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. და ახლა ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, მე როგორ ვიპოვო სამართალი? სად დავიცვა თავი?

როგორ ვანდო თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი?! როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე ორი წელი ჯოჯოხეთი მოუწყო ჩემს ოჯახს? როგორ ვენდო იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველო?

ზოგიერთები გამოდიან და ამბობენ, წამება არ არისო. ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს. ჰკითხეთ სინდისის პატიმრების ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის წამება. თქვენც [მოსამართლე] გამოძალვის იარაღი ხართ ივანიშვილის ხელში. შეიძლება ძალიან კარგი მოსამართლე და კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ მე ამ სასამართლოს ვერ ვენდობი, რადგან ივანიშვილის პირადი მითითებით, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება“,

აცხადებს ”თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილის დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.