ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ–ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, საფრანგეთი კი იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ვაქცინის მიმართ უნდობლობა ყველაზე მეტად არის გამოხატული. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგებს არ ჯერათ ცოტა ხნის წინ შემუშავებული ვაქცინების ეფექტურობის და მათ უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ.
სოციოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ დღეისათვის ვაქცინის მიმართ უნდობლობა გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა გამოთქვა – ეს არის სხვადასხვა სოციალური პროფილის და განათლების სხვადასხვა დონის მქონე ადამიანები.
ასეთი კონტექსტში სულ უფრო ხმამაღლა ისმის მტკიცე ანტივაქსერთა ხმა – ასე უწოდებენ ვაქცინის მოწინააღმდეგეებს. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ადამიანებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებთ – ზოგი მართლაც რეალურად შიშობს საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ზოგი პოპულარობის მოხვეჭას და საზოგადოებრივი გავლენის მოხვეჭას ცდილობს, ზოგი პირდაპირი გაგებით მოგებისაც – მაგალითად ნატუროპატიური პრეპარატების გაყიდვის გზით.
ვნახოთ უფრო დეტალურად, რა არგუმენტები აქვთ ანტივაქსერებს, მათ შორის ფრანგებს, სადაც აცრის საწინააღმდეგო განწყობები ევროპაში ყველაზე ძლიერია.
მაგალითად, ერთ–ერთი ფრანგი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებში 125 ათასი ხელმომწერი ყავს, დარწმუნებულია რომ მასზე ფარმაკომპანიები ნადირობენ. ამბობს, რომ მუქარებს იღებს, თუმცა მედიასთან საუბრისას ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.
“ბილ გეითსის ზოგმა ვაქცინამ, როგორც ცნობილია, მსხვილი ეპიდემიები გამოიწვია ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სადაც გეითსმა ვაქცინა მიიტანა, მგონი პოლიომელიტის საწინააღმდეგ. მაშინ იქ 450 000 ბავშვი დაავადდა. სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად კენიაში, აცრის გამო ათასობით ახალგაზრდა ქალი უშვილოდ დარჩა.“– ამბობს ის, თუმცა როცა ჟურნალისტები მტკიცებულებების შესახებ ეკითხებიან, პასუხობს, რომ ამის შესახებ ბილ გეითსმა თავად ისაუბრა საკუთარ ლექციებზე დე კონფერენციებზე.
ანტივაქსერების თანადგომაში სოციალურ ქსელებში ხშირად არიან შემჩნეული სხვადასხვა ჯგუფები – სატანისტები, ანტისემიტები, შეთქმულების თეორიების მომხრეები, ნათელმხილველები და ა.შ.
განსხვავებული პოზიციების და მსოფლმხედველობის მიუხედავად ამ ადამიანებს ერთი რამ – ფარმაცევტული ბიზნესის სიძულვილი აერთიანებთ.
“არის ასეთი კომპანია მოდერნა, რომელმაც მერკის ლაბორატორიისგან ინვესტიციები მიიღო დაახლოებით ხუთი წლის წინ. და უკვე 2015 წელს ისინი კოვიდის ვაქცინას იკვლევდნენ. რატომ? ისინი რა, ნათელმხილველები არიან? ჩვენ კორონავირუსზე ახლახანს გავიგეთ, მეცნიერები კი უკვე წლებია მუშაობენ. პასტერის ინსტიტუტმა საკუთარი გამოგონება დააპატენტა კიდევაც“– ამბობს ბიბისი–სთან საუბარში ანონიმი ანტივაქსერი.
არადა ინსტიტუტი, რომელსაც დიდი ფრანგი მეცნიერის სახელი ჰქვია, აცხადებს, რომ არანაირი პატენტი კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებაზე წლების წინ არ მიუღია.
ანტივაქსერების 4 არგუმენტი:
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობების ისტორიაზე წიგნის ავტორი, ლორან ანრი ვინიო ამბობს, რომ დღეისთვის ანტივაქსერული მოძრაობის წარმომადგენლები სულ უფრო რადიკალურები ხდებიან, და ვაქცინების მიმართ უნდობლობას მსოფლიო შეთქმულების თეორიებთან მჭიდროდ აკავშირებენ.
“ჩვენ ვნახეთ, რომ შეთქმულების თეორიების მომხრეებმა მკაფიოდ გაითავისეს რადიკალ ანტივაქსერთა იდეები. ტიპაჟები იცვლებიან…. ვაქცინის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგე, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე, შვილების ჯანმრთელობაზე შფოთავს: არ უნდა, რომ მას რაიმე ქიმიური პრეპარატი შეუყვანონ ორგანიზმში. ანუ მათი მთავარი თემა ჯანმრთელობაა. როგორც წესი, ისინი არ იგონებენ ისტორიებს ვირუსებზე ან ვაქცინებზე, რომლებიც სადღაც მარსზე შეიქმნა დედამიწის მოსახლეობის გასანადგურებლად.“– ამბობს ის.
პროფესორი მკაფიოდ მიჯნავს მოყოყმანეთა ეჭვებს და ნამდვილი ანტივაქსერების პოზიციებს, რომელთა წარმოდგენებს ისტორიული ფესვები აქვს.
“ისინი აუცილებლად იშველიებენ ფატალისტურ და რელიგიურ თემებს. ისინი ამბობენ: ჩვენ არ გვინდა ვაქცინა, იმიტომ რომ ღმერთი წყვეტს, ავად გახდები თუ არა. არ შეიძლება ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა. შემდეგი ჯგუფი ფსევდომეცნიერული წარმოდგენების მქონე ჯგუფია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ვირუსი საერთოდ არ არის საშიში. ასევე არსებობს ნატურალისტური მიდგომა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებას უნდა მივენდოთ. მეოთხე თემა კი პოლიტიკურია. მას ის ადამიანები ავითარებენ, რომლებსაც არ უნდათ სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რა მედიკამენტი უნდა მიიღონ მათ“ – ამბობს პროფესორი.
ერთ–ერთი ყველაზე აქტიური, ფრანგული antivax–ის ყველაზე აგრესიული ფრთა პაწაწინა სოფლიდან კოორდინირდება, სადაც 120 ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლის მკვიდრი, მარი ვერბგერი დარწმუნებულია, რომ მის ქალიშვილს, ისევე როგორც ბევრ სხვა ბავშვს ადრეულ ბავშვობაში გაკეთებული აცრების გამო აუტიზმის სიმპტომები განუვითარდა.
მეცნიერებმა არაერთხელ გააბათილეს ეჭვები ვაქცინაციისა და აუტიზმის კავშირის შესახებ, თუმცა ქალს ამ არგუმენტების არ ჯერა. მისი აზრით ვაქცინები თაღლითობა და ხაფანგია. ქალი თვლის, რომ ვაქცინები უარყოფით ეფეტებს იწვევს და თანაც ბოლომდე ვერ იცავს დაავადებისგან. ისიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში 12 000 ხელმომწერი ყავს. ქალი ანტვაქცინური მოძრაობის პერსპექტივების მიმართ ოპტიმიზმით არის განწყობილი და თვლის, რომ მალე ვაქცინაციის მავნებლობას ყველა მიხვდება.
როცა საქმე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება, აქ უკვე რადიკალი ანტივაქსერებისა და მოყოყმანეთა პოზიციებს შორის ზღვარი თითქოს იშლება. სოციოლოგი ჯერემი უორდი იმ ადამიანებს სწავლობს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.
მისი თქმით, ადამიანების ასეთ განწყობებს დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სკეპტიციზმი და საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების მიმართ უნდობლობა აღვივებს. გარდა ამისა, საფრანგეთში მისი თქმით ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მეტი დებატები იმართებოდა სხვადასხვა ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ. მისი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს საფრანგეთში ვაქცინის საწინააღმდეგო განწყობებს.
სპეციალისტების აზრით ამ რთული ვითარებიდან გამოსვლა მეტი გამჭვირვალობით და არგუმენტების ფაქტებით გამყარებით არის შესაძლებელი. ისინი დაუშვებლად თვლიან ვაქცინის მოწინააღმდეგეთათვის იარლიყების მიკერებას და მათ სტიგმატიზაციას. საფრანგეთში სწორედ ამ გზით აპირებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ უნდობლობიბს შემცირებას.