“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა.
ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით. მაგალითად, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).
ანტიკორუფციულმა ბიურომ საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 29 მარტს წარუდგინა, ასახა მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ (2023 წლის 1 სექტემბრამდე) განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ზოგადი სტატისტიკა, თანამდებობის პირებს, და დარღვევებისა და დაკისრებული სანქციის მითითების გარეშე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არ გაასაჯაროვა მის მიერ (2023 წლის 1 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე) შემოწმებული დეკლარაციების შედეგები, მათ შორის არც ზოგადი სტატისტიკა. ბიურომ 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე არ გასცა”. – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.