ანტიკრიზისული გეგმის მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაგრამ ამან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ უნდა შეაფერხოს – სალომე ზურაბიშვილი

თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ; მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

ასევე როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს ოპოზიციის მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის დროულად მოთხოვნა ლეგიტიმურია, თუმცა ეს არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. მისი თქმით, ამ დღეებში მთავრობა გეგმას წარადგენს.

“ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. მის აუცილებლობაში ყველა ვთანხმდებით. თუმცა, ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფარხების მიზეზი.

ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ”,- განაცხადა მან.