ხერსონში მდებარე ანტონოვსკის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია! – ამის შესახებ ინფორმაციას, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბუტრი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად არ განადგურებულა, თუმცა გადაადგილება მასზე ნამდვილად შეუძლებელია.
- “ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ანტონოვსკის ხიდზე მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს. ხიდი არ დაინგრა, მაგრამ დაზიანების გამო მასზე გადაადგილება შეუძლებელია. ამგვარად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკა და ოკუპანტების სატრანსპორტო მარშრუტები. ის, რისი აღდგენაც ნამდვილად შეუძლებელია, არის ოკუპანტებისა და ადგილობრივი კოლაბორანტების ფანტაზიები რუსული ხერსონის შესახებ”. – წერს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბუტრი.
“რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ანტონოვსკის ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსული სამხედრო დაჯგუფება ახლა კი მომარაგების ეს გზა იკეტება.
- ”ასეთია HIMARS-ებით ხერსონის ხიდის დაბომბვის შედეგი. მზადება სამხრეთის ფრონტზე უკრაინული კონტრშეტევის დასაწყებად გადამწყვეტ ფაზაში შედის. დიდწილად ამ ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსულიბ სამხედრო დაჯგუფება. ახლა მომარაგების ეს გზები იკეტება და ამ გზების სრულად დაკეტვის შემდეგ დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა. ასეთივე ბედი ეწევა ყირიმის ხიდსაც” – აცხადებს ბატიაშვილი.
ასევე, ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის განადგურებით ფაქტობრივად ქალაქ ხერსონი ბლოკადაში ექცევა, მდინარე დნეპრის მასშტაბებიდან გამომდინარე მასზე საპონტონე ხიდების აგება ძალზედ რთული იქნება, მით უმეტეს მასზე სამხედრო ჯავშანკოლონის გატარება ადვილი ნადავლი გახდება უკრაინული არტილერიისათვის.
- ”უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაბომბა მდინარე დნეპრზე ოკუპირებულ ქალაქ ხერსონთან დამაკავშირებელი ანტონოვსკის ხიდი და მიმდებარე ტერიტორიები, სავარაუდოდ HIMARS-ების ან M270-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით… [..] ანტონოვსკის ხიდის განადგურებით ფაქტობრივად ქალაქ ხერსონი ბლოკადაში ექცევა, მდინარე დნეპრის მასშტაბებიდან გამომდინარე მასზე საპონტონე ხიდების აგება ძალზედ რთული იქნება, მით უმეტეს მასზე სამხედრო ჯავშანკოლონის გატარება ადვილი ნადავლი გახდება უკრაინული არტილერიისათვის, როგორც ეს მოხდა მდინარე სევერსკი დონეცკზე როცა რუსების 2 ტაქტიკური ბატალიონი და 80-მდე ჯავშანტექნიკა იქნა აღგვილი პირისაგან მიწისა უკრაინელი არტილერისტების ზუსტი და ეფექტური დაბომბევის შედეგად…” – აცხადებს რუსლან შავაძე.
ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების 20 ივლისს სადაზვერვო მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ანტონოვსკის ხიდი არის რუსეთის მთავარი დაუცველობა ხერსონის რეგიონში.ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგისთვის.
- „სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს ძირითადი დაუცველი ადგილია რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.