„ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა” – ამ შეძახილების გამო, შსს ალბი კორძაიას წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება და პატიმრობას ითხოვს

„ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა; თეა წულუკიანი არის რუსი, ანწუხელიძე გმირია, ის პიარს არ შეეწირა, სამშობლოს შეეწირა; წულუკიანო, შენ რუსო, ქვეყნის მოღალატე“.  – ამ შეძახილების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აქტივისტ ალბი კორძაიას, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება და  მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

საქმის მოსამართლე, მანუჩარ ცაცუაა.

პროცესზე დაიკითხა ოქმის შემდეგენლი პოლიციელი გიორგი გოგოლაძე, რომელმაც თქვა, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა და სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოახდინა ალბი კორძაიას იდენტიფიცირება.

ცნობისთვის, 11 აპრილს თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე  თქვა, რომ „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“. ამ განცხადების შემდეგ,  აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ და წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს.

„საღამოს საათებში, რომელიც არ იყო ღამე, მივედი წულუკიანთან და ვთქვი, რაც იყო სათქმელი. მე წულუკიანთან არ მივიდოდი, რომ არ ყოფილიყო პრეისტორია, რომ არ ეთქვა, რომ ანწუხელიძე არის პიარს შეწირული ადამიანი“, – თქვა სხდომაზე ალბი კორძაიამ.