ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან – კუჭავა ევროპარლამენტარებზე

უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა ევროპარლამენტარების საერთო განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების კუთხით მათ “შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან”.

“ქართული ოცნებისთვის რატომ? [არის გზავნილი] პირდაპირ წერია – ორივე პარტიისთვის. [ქართულ ოცნებას] უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული – ქართული ოცნება მზად იყო, ხელი მოეწერა. არ იყო ფორმატი, სადაც მარტო ერთს უნდა მოეწერა ხელი, ან ყველა აწერდა, ან არავინ, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეგ სიმართლეც გახდება მალე ყველასთვის ცნობილი.

მეორე უზუსტობა – დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც უთითებენ, რომ დანიელსონის შეთანხმებას ხელი არ მოწერა და რიგგარეშე არჩევნებზე ვლაპარაკობთო, უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოებულობა, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან”. – ამბობს კუჭავა მთავარ არხთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნების საკითხი და ორი პოლიტიკური საქმე.