ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი, დააყენე ერთი ადგილი – კაკულია გოგიჩაიშვილს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც აზარტული თამაშების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს, დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, მის მიერ 6 თვის წინ დარეგისტრირებული კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” გადადო, მთავრობის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი კი დაჩქარებული წესით განიხილება.

„რა სტანდარტს აჩვენებს „ქართული ოცნება“?! ამით რას აჩვენებთ, რომ ძალიან მაგრები ხართ და ჩვენ გადაგვიგრიხეთ ხელები?! მაგარი ბიჭების როლს თამაშობთ „ქართული ოცნება“ დღეს პარლამენტში თუ რა კულტურაა მაინტერესებს?!”, – მიმართა გოგიჩაიშვილმა კაკულიას.

კაკულიამ უპასუხა, რომ მის კომიტეტს გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი განხილული აქვს და მას შენიშვნა მისცა.

“თქვენ, რომ გელაპარაკებით, ვგულისხმობ იმ საქციელს რასაც თქვენ სჩადიხართ. ხელი აუქნიე „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველამ უნდა გაიგოს ვინები ხართ”, – უთხრა გოგიჩაიშვილმა კაკულიას, რაზეც მან უპასუხა, რომ “ერთი ადგილი დააყენოს”.

“მორჩი რაა, ნუ ლაპარაკობ ასე. რა ხელის აქნევაზე ლაპარაკობ. შენზე ნაკლები ტონი არ მაქვს. შენი საქციელი რაში ჯდება? ჩხუბი გინდა მაინც და მაინც?! რას მიძაბავ ტონს. ან ძველი ბიჭი იყავი ან პარლამენტარი. ძალიან გეშლება თუ გგონია, რომ ან შენზე ნაკლები ტონი მაქვს ან სხვა რამე. დააყენე ერთი ადგილი რა. გეუბნები მხარი დაგიჭირე და დაელოდე შედეგებს. შენი მორალის წასაკითხი არაფერი მჭირს”, – მიმართა კაკულიამ გოგიჩაიშვილს.